28-29 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში. ვიზიტის ფარგლებში ვერშბოუ ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან.
"ვერშბოუს ვიზიტი შეგვიძლია მივიჩნიოთ ეფექტური, მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული თანამშრომლობის და იმ დიალოგის გაგრძელებად, რომელიც არსებობს საქათველოსა და ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებას შორის და წარმატებული ჩიკაგოს სამიტის ერთგვარ გაგრძელებად. მოგეხსენებათ, საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ანტიტერორისტული კოალიციის ძალებში, ასევე ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო განაგრძობს თავისი წვლილის შეტანას 2014 წლის შემდეგაც ნატო-ს სწავლების დახმარებისა და ხელშეწყობის მისიის ფარგლებში. ვიზიტის განმავლობაში მსჯელობის ერთ-ერთი თემა ეს საკითხიც იქნება"- აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.