ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სიების გადამოწმებას ორშაბათიდან, 1-ლი თებერვლიდან დაიწყებს.
ამის შესახებ ცესკოს დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო კომისიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა.
ამასთან, ხარატიშვილმა სიებზე მომუშავე შესაბამისი სამუშაო ჯგუფების გაძღოლა ცესკოს ოპოზიციონერ წევრებს შესთავაზა და განმარტა, რომ "ამით სიების გადამოწმებასთან დაკავშირებით უნდობლობა აღარ იარსებებს".
"რადგან სიებთან დაკავშირებით ყველაზე დიდ უკმაყოფილებას "რესპუბლიკური პარტია" გამოთქვამდა, მინდა ცესკოში მის წარმომადგენელს შევთავაზო, თავად უხელმძღვანელოს ამ პროცესს", - განმარტა ხარატიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარის ეს ინიციატივა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა მისაღებია ოპოზიციისთვის.
როგორც ჟურნალისტებს კომისიაში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა ზურაბ მარაქველიძემ განუცხადა, ის მზად არის არა მხოლოდ სიების გადამოწმების პროცესში ჩაერთოს, არამედ "დავების და ზოგადად, ცესკოს გამჭვირვალობის მიმართულებითაც იმუშაოს".
აღნიშნულ წინადადებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცეკოს ოპოზიციური წევრები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარასკევს დაგეგმილ სხდომაზე გააცნობენ.