ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი კარლო კოპალიანი ლეჩხუმში „ნამახვანჰესის" კასკადის მშენებლობის მასშტაბების შემცირებას ითხოვს.
როგორც მან პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მშენებლობა რიონის ხეობას საშიშროებას უქმნის. მისი თქმით, ეს ხეობაც იმავე საფრთხის წინაშე დგას, რა საფრთხეც გარემოს 60-იან წლებში „ლაჯანურჰესის" მშენებლობამ შეუქმნა. კერძოდ, მისი თქმით, შეცვლილი მიკროკლიმატის შედეგებს მოსახლეობა დღემდე ვერ უმკლავდება.
„ასეთი მშენებლობის დროს სამი პირობა არის გასათვალისწინებელი: გარემოზე ზემოქმედება, ეკონომიკური სარგებელი და ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება. თოთხმეტივე სოფელში ვიმყოფებოდი, რომელიც ჰესების მშენებლობის გამო დატბორვის ზონაში ხვდება. ხალხის განწყობა კარგად ვიცი. ისინი შეშფოთებულნი არიან. მათი უმრავლესობა მშენებლობების მასშტაბებით უკმაყოფილოა. წყლის მოცულობის ზედაპირი 7.5 კვადრატული კოლომეტრი იქნება. ფაქტობრივად, ხეობა განადგურდება. მიგვაჩნია, რომ ამ სახით რიონის ხეობაში მშენებლობა არასწორია," - აღნიშნა კოპალიანმა და ხელისუფლებას მშენებლობის მასშტაბების შემცირებისკენ მოუწოდა.