პორტუგალიამ დამაჯერებლად სძლია ჰოლანდიას და ევრო-2012-ის შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. აქ, არა იმდენად რონალდუს და მისი გუნდის მეოთხედფინალში გასვლაა გასაკვირი (ვფიქრობთ, ბენტუს შეგირდები არც გერმანელებთან იმსახურებდნენ წაგებას), რამდენადაც მოულოდნელია „ნარინჯისფერების" სრული ფიასკო. ვინმეს რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ჰოლანდიელთაგან ტურნირის ნულზე დამთავრება ეწინასწარმეტყველა, შესაძლოა გიჟად მოენათლათ. გიჟი არა, მაგრამ თანამდებობისთვის შეუფერებელი, ნიდერლანდელთა თავკაცი ვან მარვიიკია და ალბათ მასთან კონტრაქტის ხელახლა გაფორმებას ქვეყნის ფედერაციაში არავინ ისურვებს.
როგორია, ისეთი ტოპ-კლასის ფეხბურთელები გყავდეს, როგორებიც, ცალ-ცალკე აღებული არიან სნეიდერი, ვან პერსი, რობენი, ჰუნტელაარი, ვან დერ ვარტი და ჯგუფში ქულის აღებაც ვერ შეძლო, სირცხვილია. არადა, იგივე გუნდმა ორიოდე წლის წინ მუნდიალის ფინალში ითამაშა და მხოლოდ ჩემპიონ ესპანეთთან წააგო.
ეს მატჩი, მიმდინარე ევროზე მეორე მატჩი გახლავთ, რომელშიც მოგებული გუნდი, მისი მიმდინარეობისას აგებდა (პირველად ეს უკრაინამ გააკეთა შვედეთთან - 2:1). სწორედ, მე-11 წუთზე ვან დერ ვარტის ეფექტური დარტყმის შემდეგ გაჩნდა იმის იმედი, რომ ჰოლანდია B ჯგუფის სატურნირო რბოლას, მატჩის ბოლომდე შეუნარჩუნებდა ინტრიგას. ტაიმის საწყის ნახევარში, ბურთის ფლობაში ნიდერლანდელთა უპირატესობა 75-25-ზე იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, „ღია" თამაშში რონალდუს და ნანის მყოლი პორტუგალიელების დაჯაბნვა, ცოტა არ იყოს წარმოუდგენელი ჩანდა.
სწორედ რონალდუს ერგო მეტოქის „ჩაცხრობის" მისია. კრიშტიანუმ, 28-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ხოლო 74-ეზე მისი გუნდის უპირატესობა ტაბლოზეც დააფიქსირა. იგი ჩემპიონატის პირველ ჰეთ თრიკთანაც ახლოს იყო, მაგრამ მატჩის ბოლო წუთზე ძელმა შეუშალა ხელი.
ამ მოგებით, პორტუგალიამ ჯგუფში მეორე ადგილით, მეოთხედფინალში ჩეხეთთან თამაში გაინაღდა. ეს მატჩი 21 ივნისს ვარშავაში შედგება. ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი გერმანია კი, 22-ში გდანსკში ითამაშებს და მეტოქედ საბერძნეთი ეყოლება.
პორტუგალია - ჰოლანდია 2:1 (1:1)
ხარკოვი. 17 ივნისი, 2012. „მეტალისტი". 37445 მაყურებელი. 22:45
პორტუგალია (4-3-3): პატრისიუ, ბრუნუ ალვეში, პეპე, კოენტრაუ, ჟოაო პერეირა, ველოზუ, მოუტინიუ. მეირელეში (კუშტოდიუ, 72), ნანი (როლანდუ, 87), რონალდუ, პოშტიგა (ოლივეირა, 64).
მთავარი მწვრთნელი: პაულუ ბენტუ.
ჰოლანდია (4-2-3-1): სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი, მატიისენი, ვლარი, ვილემსი (აფელაი, 67), ნაიჯელ დე იონგი, სნეიდერი, რობენი, ვან დერ ვარტი, ჰუნტელარი, ვან პერსი.
მთავარი მწვრთნელი: ბერტ ვან მარვიიკი.
გაფრთხილებები: ვილემსი (51), ვან პერსი (69), პერეირა (90+2).
გოლები: 0:1 ვან დერ ვარტი (11), 1:1 რონალდუ (28), 2:1 რონალდუ (74).
მსაჯები: ნიკოლა რიცოლი; რენატო ფავერანი, ანდრეა სტეფანი; ჯანლუკა როკი, პაოლო ტალიავენტო (ყველა იტალია); მარტინ ატკინსონი (ინგლისი).
დარტყმა 20 (9)-9 (4); ჯარიმა 17-11; კუთხური 7-5; თამაშგარე 4-1; ბურთის ფლობა 41%-59%; სეივი 2-6.
1. გერმანია
3 3 0 0 5:2 9
2. პორტუგალია
3 2 0 1 5:4 6
3. დანია
3 1 0 2 4:5 3
4. ჰოლანდია
3 0 0 3 2:5 0