"მწვანე ეკონომიკის" ფარგლებში მთავრობამ, უცხოელი ექსპერტების დახმარებით, 15 პროექტი უკვე შეიმუშავა, რომელსაც კერძო სექტორს უახლოეს დღეებში წარუდგენს.
როგორც დღეს გაეროს განვითარების პროგრამა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მწვანე ბიზნესშესაძლებლობების კონფერენციის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს მწვანე ბიზნესის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს და ამ მიმართულებით მთავრობა კერძო სექტორთან ერთად ინტენსიურად იმუშავებს.
პროექტი ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გაეროს განვითარების პროგრამის "საჯარო სექტორში რეფორმების მხარდამჭერი კონსულტაციების პროექტის" ფარგლებში. საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების გუნდი შეიკრიბა მდგრადი და ეკონომიკურად გამართლებული მწვანე ბიზნესების განსასაზღვრად, როგორებიცაა მწვანე პროდუქტების წარმოება, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სუფთა ენერგიაზე დაფუძნებული წარმოება. ეს ყოველივე ნაციონალური პოლიტიკის განსავითარებლად და კერძო ინვესტიციების ხელშესაწყობად, ასევე "რიო+20"-ის გლობალური პროცესის მხარდასაჭერად ეწყობა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ განაცხადა, "მწვანე ეკონომიკის" განვითარებისთვის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც კერძო სექტორმა უნდა თქვას.
"დღეს საქართველოში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. საუბარი არ არის მხოლოდ ჰიდრორესურსებზე, საუბარია ასევე მწვანე ტრანსპორტის საშუალებებზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და სხვა. როდესაც დავიწყეთ საუბარი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე ევროკავშირთან, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი ნატურალური პროდუქცია ევროკავშირის ქვეყნებში გავიტანოთ. ასევე საშუალება გვეძლევა, გავზარდოთ ტურიზმის სექტორი მწვანე მიმართულებით და ასევე შევქმნათ რეალური პროექტები კერძო სექტორისთვის, რათა შევხედოთ "მწვანე ეკონომიკას", როგორც შემოსავლიან ბიზნესს", - აღნიშნა მინისტრმა.
ქობალიას განმარტებით, უკვე დამუშავებულია 15 კონკრეტული პროექტი, რომელსაც კერძო სექტორს წარედგინება.
"ეს არის საერთაშორისო ექსპერტების მიერ დამუშავებული პროექტები, რომელიც აბსოლუტურად ყველა მომგებიანი პროექტია და შესაძლებლობა აქვთ უკვე მზა პროექტი წაიღონ ბანკში და მოიპოვონ დაფინანსება. დღეს განვიხილეთ ტექსტილის წარმოება, რომელიც მეორადი პროდუქციის გადამუშავებისგან იწარმოება. გვაქვს ასევე საუბარი შავი ზღვის სანაპიროზე გათბობისა და კონდენცირების სისტემის მუშაობის ზღვის წყლის საშუალების გამოყენებით", - განაცხადა მინისტრმა.