დღეს, 13 ივნისს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი კონფერენციას გამართავს. ორგანიზატორთა განცხადებით, გამოქვეყნდება მონაცემები, თუ რა შემოსავლებს მალავს საქართველო აშშ-სთან საგარეო ვაჭრობაში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველო-აშშ-ს შორის საგარეო ვაჭრობის მონაცემებში არსებული განსხვავებები, რის შედეგადაც საქართველოს სავაჭრო ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი "ჩრდილში" ექცევა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს კარგავს.
ავტორთა შედარებებით, 2004 წელს აშშ-ს და საქართველოს შორის საგარეო ვაჭრობაში, აშშ-ის მონაცემებთან შედარებით, ჩრდილში იყო მოქცეული მთლიანი საგარეო ბრუნვის 56,7%, 2005 წელს - 57,5%; 2006 წელს - 49%; 2007 წელს - 38,8%; 2008 წელს - 42%; 2009 წელს - 38%; 2010 წელს - 27,2%; 2011 წელს - 45,5%; 2012 წლის იანვარ-მარტში ჩრდილში იყო მოქცეული 46,5%.
მაგალითისთვის, 2011 წელს აშშ-დან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტების 98,6% საქართველოში შემოვიდა კონტრაბანდულად.
აშშ-ის ექსპორტმა საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდგომ პერიოდში ამერიკის მონაცემებით შეადგინა 3 008,7 მილიონი დოლარი. იმავე პერიოდში საქართველოს მონაცემებით აშშ-ის იმპორტმა საქართველოში შეადგინა 1 662,4 მლნ დოლარი. საქართველოს მხარემ დააფიქსირა 1 346,3 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ მთლიანი მონაცემის მხოლოდ 55,3%. სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ პერიოდში მარტო გადასახადების სახით დაკარგა მინიმუმ მილიარდ ლარზე მეტი აშშ-იდან მემოსული სხვადასხვა საქონლის განუბაჟებლობის ან ნაკლებ ღირებულებად განბაჟების გამო.