ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების დამდგენი კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია მოსკოვში თენგიზ კიტოვანს შეხვდა.
შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კიტოვანს კომენტარი არ გაუკეთებია, გამსახურდიამ კი ის საინტერესოდ შეაფასა.
"გამომდინარე დღევანდელი ინფორმაციიდან, ირკვევა, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელბა არ შეესაბამება სინამდვილეს. მისი დევნა და მკვლელობა იქნა ორგანიზებული მაშინდელი ფაქტობრივი ხელისუფლების მიერ და მასში არის გადახდილი გარკვეული თანხაც. საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, კომისია კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებს", - განუცხადა გამსახურდიამ ჟურნალისტებს.
აღსანიშნავია, რომ გამსახურდია მოსკოვში ვიზიტისას შოთა კვირაიასთან და იგორ გიორგაძესთანაც გეგმავს შეხვედრას, თუმცა ამ უკანასკნელის შემთხვევაში იმედოვნებს, რომ გიორგაძე თავად დაუკავშირდება, ვინაიდან ის ძებნილია და მისი ასავალ-დასავლი კომისიისთვის ცნობილი არ არის.