თურქეთის, ქლაქ ტრაპიზონში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასასრულს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ „ტრაპიზონის დეკლარაციას".
ტრაპიზონის დეკლარაციამ ასახა სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის ყველა ძირითადი, მნიშვნელოვანი მიმართულება, კერძოდ, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, კულტურა და ხალხთაშორისი ურთიერთობები.
სამმხრივ დეკლარაციაში ხაზგასმულია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების, მათ შორის, სახელმწიფოების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებისადმი ერთგულება; აღნიშნულია, რომ კონფლიქტები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს, საფრთხეს უქმნის მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში. ხაზგასმულია არსებული კონფლიქტების მოგვარებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის დამკვიდრების საქმეში.
ტრაპიზონის დეკლარაციაში, საუბარია რა სატრანსპორტო ინფასტრუქტურის განვითარებასა და ერთობლივ პროექტებზე, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, ხაზგასმით არის აღნიშნული ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის როლი, როგორც ყველაზე მოკლე და მოსახერხებელი მარშრუტი, ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის და ტვირთის ტრანზიტისთვის.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩამოყალიბდეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დეკლარაციაში დასახული მიზნების განხორციელებისათვის შეიმუშავებს 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს. შემდეგი სამმხრივი შეხვედრა გაიმართება 2012 წლის მეორე ნახევარში საქართველოში, ხოლო 2013 წლის პირველ ნახევარში - აზერბაიჯანში.
ასევე, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრები, სადაც განხილულ იქნა საქართველო-თურქეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების ფართო სპექტრი. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას, რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.