"ალიანსი საქართველოსთვის" საქართველოს პროკურატურისგან გივი თარგამაძისა და ვინმე კონსტანტინეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერზე საქმის აღძვრას და გამოძიების დაწყებას მოითხოვს.
როგორც ალიანსის თანათავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქურდულ სამყაროსთან კავშირი ჯერ კიდევ აქვს.
"ეს საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად ისჯება. თუ საქმე არ გამოიძიეს, მაშინ დადასტურდება, რომ ხელისუფლება ქურდულ სამყაროსთან თანამშრომლობს. ხელისუფლება ვითომ ებრძვის ქურდულ სამყაროს, თუმცა რელურად ამ სამყაროზე გავლენის მოპოვებას ცდილობს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, "ალიანსი" ამ საკითხზე უმკაცრეს მონიტორინგს დააწესებს.
"თვალს მივადევნებთ, გამოიძიებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ამ კრიმინალური სამყაროს მონაწილეების, ორგანიზატორების, მათ შორის გივი თარგანაძის, იმავე ვასილიჩის საქმიანობას",- განმარტა უსუფაშვილმა.