"ლეიბორისტული პარტია" საწვავის შემომტან ოთხ კომპანიას ბოიკოტს უცხადებს.
როგორც დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის წარმომადგენელმა გიორგი გუგავამ განაცხადა, "სოკარი", "ვისოლი", "რომპეტროლი" და "ლუკოილი" საწვავის ფასებს ხელოვნურად ზრდიან.
"ლეიბორისტული პარტია" მოსახლეობას მოუწოდებს, უარი თქვან ამ ოთხი კომპანიის მომსახურებაზე და საწვავი ნაკლებად ცნობილ ბენზინგასამართ სადგურებზე ჩაასხან.
"მონოპოლისტი კომპანიები აგრძელებენ საწვავზე ფასების ზრდას და უმოწყალოდ ძარცვავენ ჩვენს მოსახლეობას. მოგიწოდებთ, ასეთ ბანდიტ კომპანიებს გამოვუცხადოთ ბოიკოტი და ვისარგებლოთ წვრილი, არამონოპოლისტი კომპანიების სადგურების მომსახურებით, რაც აიძულებს ამ ბანდიტებს, გააიაფონ საწვავზე ფასი", - განაცხადა გუგავამ.