საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი აშშ-ს კონგრესის ყოფილ წევრებს შეხვდა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და როგორც შეხვედრის შემდეგ რუსუდან კერვალიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების აუცილებლობის საკითხებზე.
კერვალიშვილის განმარტებით, აშშ-ს კონგრესის ყოფილ წევრებთან იმსჯელეს აღნიშნული მიმარყულებით პროგრამული უზრუნველყოფისა და დახმარებების საკითხებზე. "განვიხილეთ ყველა საკითხი რაც საქართველოს უსაფრთხოებას შეეხება", - განაცხადა კერვალიშვილმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ აშშ-ს კონგრესის ყოფილი წევრების ვიზიტი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ახალი რეფორმების გატარება იგეგმება.
"ჩვენ ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხებზე და დარწმუნებული ვარ რომ შეხვედრაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობები ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.