რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში ყოფნისას გაკეთებულ განცხადებებს აკრიტიკებს. სერგეი ლავროვის უწყების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება იწვევს.
"მოსკოვი მიიჩნევს, რომ ჰილარი კლინტონის მიერ გაკეთებული განცხადება ე.წ. ნეიტრალურ პასპორტებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ურიგებს, ხელს არ უწყობს კონსტრუქციული ატმოსფეროს შექმნას უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებზე", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილური წარმომადგენელი ალექსანდრე ლუკაშევიჩი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მიერ ნეიტრალური პასპორტების გაცემას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის "ამ უკანასკნელთა მოტყუების მცდელობად აფასებს" და აღნიშნავს, რომ საქართველოზე მითითება არის გრაფაში "სახელმწიფოს კოდი", გამცემ ორგანოდ კი სადახელებულია საქართველოს შს სამინისტრო.
"ვაშინგტონის მიერ განხორციელებული ჟესტი, რომელიც თავისი არსებით პროვოკაციულ "ნეიტრალური პასპორტების" იდეას უჭერს მხარს ნამდვიულად არ იქონიებს კარგ გავლენას ჟენევაში დაწყებულ მოლაპარაკებებს",_ აცხადებს ლუკაშევიჩი.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ ვერაგულად დაარღვია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენული საზღვრები და მის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ასევე რუსეთის მოსაზღვრე საქართველოს მეორე რეგიონში - აფხაზეთში.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულვებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.