საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის დავით ბეჟუაშვილის მიერ მოსახლეობისთვის სუფრის გაშლის საკითხით, კონტროლის პალატა უნდა დაინტერესდეს.
საკითხი ეხება გავრცელებულ ინფორმაცის იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში ერთ-ერთი დღესასწაულის აღნიშვნაზე, დავით ბეჟუაშვილმა ადგილობრივებს რამდენიმე ათასლარიანი სუფრა გაუშალა.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი თავად დარწმუნებულია, რომ ბეჟუაშვილს კანონი არ დაურღვევია. თუმცა, აქვე აცხადებს, რომ საკითხზე უფრო მეტი ინფორმაცია, ალბათ, კონტროლის პალატას უნდა მიეწოდოს, რათა კანონდარღვევის არსებობა ან არარსებობა დაადგინოს.
უმრავლესობის წევრის ლაშა თორდიას ინფორმაციით კი, ასურეთში გაშლილ სუფრასთან თავად ბეჟუაშვილი იყო დაპატიჟებული.
,,თუმცა, ვინაიდან კითხვის ნიშნები არსებობს კონტროლის პალატამ უნდა გამოიძიოს, პარლამენტის წევრმა გაწია თუ არა ფინანსური ხარჯები. საბოლოო ჯამში, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მედიის საშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, უწყება დაადგენს" - აღნიშნა თორდიამ ჟურნალისტებთან საუბარში.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილს სუფრის გაშლა რამდენიმე ათასი ლარი დაუჯდა. თითო ოჯახიდან კი თითო ადამიანი იყო დაპატიჟებული. მათივე ინფორმაციით, მანამდე ბეჟუაშვილმა გიორგობის დღესასწაული ასურეთის გვერდით მდებარე სოფელ ენაგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა. ადგილობრივების ინფორმაციით, ფინანსური ხარჯები ამ შემთხვევაშიც დეპუტატმა გასწია.