ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიას შეფასებით, რუსეთს აღიზიანებს საქართველოსადმი საერთაშორისო დონის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.
ამის შესახებ მან რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ვაშინგტონი თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს ახალისებს.
"საბჭოთა მენტალიტეტის რუსეთს აღიზიანებს საქართველოსადმი საერთაშორისო დონის ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა. რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოს ხელისუფლების დამხობა და ის აცნობიერებს, რომ მოუწევს საქართველოს დეოკუპაცია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება" - აღნიშნა მალაშხიამ და დასძინა, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი არ არის, და ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თბილისის რევანშისტულ მისწრაფებებს ახალისებს და რუსეთს 2008 წლის „დეჟავიუს" შეგრძნება აქვს. ლუკაშევიჩმა ასევე განაცხადა, რომ კლინტონის განცხადებები ადასტურებს, რომ აშშ-მ საქართველოსთან მიმართებაში კარგი გაკვეთილი ვერ მიიღო.