რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ვაშინგტონმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან შესაბამისი დასკვნა ვერ გამოიტანა.
"ჰილარი კლინტონის გამონათქვამები, სამწუხაროდ, მოწმობენ, რომ ვაშინგტონში ჯეროვანი დასკვნები არ გამოუტანიათ კავკასიაში 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებიდან",_ ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარლამენტის მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ საქართველოში გაკეთებული განცხადებების კომენტირებისას.
"შეგახსენებთ, რომ - აგრძელებს ლუკაშევიჩი - "სწორედ აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წაქეზებით, ცნობილი ავანსებით საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და გამალებულმა შეიარაღებამ საზღვარგარეთიდან მიხეილ სააკაშვილში დაუსჯელობისა და ყველაფრის უფლების კომპლექსი გააღვივა, რომელმაც უბიძგა კიდეც მას სამხრეთ ოსეთში დანაშაულებრივი ავანტიურა წამოეწყო", _ აცხადებს სერგეი ლავროვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ შედეგად დაიღუპა "ასობით მშვიდობიანი მოქალაქე და რუსი სამშვიდობოები".
"ჩვენ მაშინ აგრესორის გონზე მოყვანა მოგვიწია",_ აცხადებს ლუკაშევიჩი და ასევე აღნიშნავს, რომ "დღეს დეჟავიუს გრძნობა ჩნდება".
"მაღალჩინოსანი ამერიკელები კვლავ აკეთებენ ხმამაღალ განცხადებებს მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, სიტყვასიტყვით იმეორებენ მისი ყალბი პროპაგანდის თეზისებს "რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან" დაკავშირებით და ამით თბილისის რევანშისტულ განწყობილებებს კვებავენ და ვაშინგტონში პახუხისმგებლობის დონეს ნაკლებად აცნობიერებენ", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიცილური წარმომადგენელი.