ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოს მიერ კიბერდანაშაულის თაობაზე ევროპის საბჭოს კონვენციის დამტკიცების შესახებ დოკუმენტის დეპონირება მოახდინა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. საქართველოსთვის კონვენცია ძალაში შევა 2012 წლის 1 ოქტომბერს და საქართველო გახდება ამ კონვენციის რიგით 34–ე მონაწილე სახელმწიფო ევროპის საბჭოს სხვა წევრ სახელმწიფოებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.
აღნიშნული კონვენცია ღია გახდა ხელმოწერისთვის 2001 წლის 23 ნოემბერს ქ. ბუდაპეშტში და ძალაში შევიდა 2004 წლის 1 ივლისს. ეს არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება ინტერნეტისა და სხვა კომპიუტერული ქსელების საშუალებით ჩადენილი დანაშაულებების შესახებ, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საავტორო უფლებების დარღვევაზე, კომპიუტერთან დაკავშირებულ თაღლითობაზე, ბავშვთა პორნოგრაფიასა და ქსელის უსაფრთხოების დარღვევებზე.
საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აღნიშნულ კონვენციას, ვინაიდან მისი მთავარი მიზანი, როგორც ეს გამოხატულია კონვენციის პრეამბულაში, არის ერთიანი ანტიკრიმინალური პოლიტიკის გატარება, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დაცვას კიბერდანაშაულისაგან, კერძოდ კი შესაბამისი კანონმდებლობის მიღებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.
გარდა ამისა, აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც რომ 2012 წლის 6–8 ივნისს ქ. სტრასბურგში იმართება ევროპის საბჭოს „ოქტოპუსის კონფერენცია“, რომელიც ეძღვნება კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებს.
მასალის გამოყენების პირობები