საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა და გააგრძელებს კიდეც მნიშვნელოვანი როლის შესრულებას პოლიტიკაში. ამის შესახებ ბაქრაძემ განაცხადა კითხვაზე, თუ რატომ არ გასცა პასუხი პრეზიდენტმა შეკითხვას მომავალი პრემიერმინისტრობის შესახებ.
"თუ იმან არ გასცა პასუხი, მე როგორ უნდა გამოვეხმაურო. მე რატომ მეკითებით? სერიოზულად რომ გითხრათ, პრეზიდენტის პასუხს აბსოლუტურად ვეთანხმები. მეტიც, ჩვენი მიზანია ქვეყნის მშნებელობა და მეორეხარისხოვანია, ვინ სად ვიქნებით. სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა და გააგრძელებს ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, მაგრამ სად და როდის - ეს უკვე მეორეხარისხოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ქვეყნის ფეხზე დაყენება გავაგრძელოთ და გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებსაც ხალხს დავპირდით", - განაცხადა მან.