მინუსინსკის ციხიდან 40 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, ავთანდილ ხეცურიანი განთავისუფლდა. კრიმინალურ წრეებში იგი "ავთო ბოქსიორის" ზედმეტსახელითაა ცნობილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც კი ხეცურიანი ციხის კედლებიდან გამოვიდა, ის სამართალდამცავი ორგამოების ხელში მოხვდა. ბრალად ამჯერად მას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკანონო ყოფნა წაუყენეს.
ადრე არაერთგზის ნასამართლები ავთანდილ ხეცურიანი 2009 წლის მაისში დააპატიმრეს. მას პირადი ჩხრეკისას მას ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოუჩინეს. 2010 წლის 7 აპრილს იგი სასამართლოს წინაშე წარდგა და მას საერთო რეჟიმის კოლონიაში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
თავდაპირველად იგი კემეროვოს ოლქის ციხეში იჯდა. 2011 წელს ის აბაკანის კოლონიაში გადაიყვანეს სადაც რეჟიმის სისტემატიური დარღვევის გამო, თავისი სიმკაცრით ცნობილ მინუსინსკის ციხეში გადააგზავნეს. ეს ციხე განსაკუთრებით სახელგანთქმულია იმით, რომ ის სასტიკი სიმკაცრეა, განსაკუთრებით ტიტულოვანი დამნაშავეების მიმართ.
"იქ ავთანდილ ხეცურიანმა თავის თავზე გამოსცადა რეპრესიული სისტემის ყველა "სიამოვნება", რომელსაც ამ ციხეში ჯერ ვერც ერთმა "კანონიერმა ქურდმა" თავი ვერ აარიდა (ისინი ან ქურდული ტრადიციების დაცვაზე ამბობდნენ უარს ან ადმინისტრაციასთან თანამშრომლობას იწყებდნენ). კერძოდ, ცნობილია, რომ ავთანდილ ხეცურიანი კამერაში მორიგეობდა და დადგენილ ფორმაში ანგარიშს აბარებდა", _ წერს რუსული მედია.
ამჟამად მას მინუსინსკის საქალაქო სასამართლომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაძევება მიუსაჯა. სასამართლოს განაჩენის ასრულებამდე ავთანდილ ხეცურიანს არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ გამანაწილებელში მოათავსებენ.
ხეცურიანი დაბადებულია ქუთაისში. იგი საქართველოში 1993 წელს მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო გაასამართლეს, რომელთა შორის იყო იმერეთის შს სამინისტროს სამხარეო სამმართველოს მაშინდელი უფროსის ელგუჯა ბუცხრიკიძის გატაცება.
"ამ აქციამ აიძულა დამნაშავეობრივი სამყარო ალაპარაკებულიყო დიდი იმედების მომცემ ახალგაზრდა კრიმინალზე, რომელსაც დანაშაულის სიმძიმის გამო მთლიანობაში 12 წელით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქართველოში ციხეში ყოფნის დროს ავთანდილ ხეცურიანმა ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდები გელა ყაჭეიშვილი, ქემალ მუსოიანი და ნუგზარ ჯანელიძე გაიცნო, რომლებმაც ახალგაზრდა ხეცურიანში გამოჩენილი კრიმინალური ტალანტი დაინახეს და მას თავიანთ ძმურ ოჯახში მიღების პატივი არგუნეს", _ წერს რუსული მედია.