პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, ნებისმიერ არჩევნებში ხელისუფლების გადაბარება იმ ძალისთვის ხდება, ვისაც იმ მომენტში ამომრჩეველი დაუჭერს მხარს.
ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ხელისუფლების გადაბარებასთან დაკავშირებული განცხადება, არავის სასარგებლოდა არ გაუკეთებია.
"ეს შეიძლება იყოს იგივე ძალა, სხვა ძალა და სხვადასხვა ძალის ნებისმიერი კონფიგურაცია. 2013 წელს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გადაბარება მოხდება იმ ადამიანის ან იმ პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც ქართველი ამომრჩეველი და ქართველი ხალხი მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან მარტივი და გასაგებია და ამ თემაზე ზედმეტი სპეკულაციების არ მესმის. თუკი ვინმეს უნდა თავი მოიტყუოს, კი ბატონო, მოიტყუოს და ჩათვალოს, რომ ეს ვიღაცის სასარგებლოდ გაკეთებული სიგნალი იყო, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივია - ნებისმიერ არჩევნებში ხდება ხალხის ნების გამოხატვა, ნებისმიერ არჩევნებში ხდება ხელისუფლების გადაბარება იმ ძალისთვის, ვისაც იმ მომენტში ხალხი და ამომრჩეველი მხარს უჭერს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.