პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, რათა ნახონ თავისუფალი სამყარო.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ძალიან ძნელია, ადამიანებს სურვილის შემთხვევაშიც კი გმირობა და ასეთი დოკუმენტის აღება მოსთხოვო, როდესაც ყველაფერი კონტროლდება ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებისა და რუსი ჯარისკაცების მიერ.
"ამ დოკუმენტის აღებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მათ ოჯახებს იმ რეჟიმის პირობებში, სადაც ისინი ცხოვრობენ. არ ველოდები, რომ ხვალიდან უცებ ფართომასშტაბიანი გარღვევა მოხდება, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და შესაძლებლობა. ამ შესაძლებლობას თანდათანობით უფრო მეტი ადამიანი გამოიყებებს. ვერანაირად ვერ შეაჩერებ ადამიანების სურვილს, უკეთესად იცხოვრონ", - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, არაფერი ანტირუსული არ არის იმაში, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ ნორმანულად მოგზაურობის, განათლების მიღების და თავისუფალი სამყაროს ნახვის საშუალება.
"რაც მეტ წინააღმდეგობას უწევს რუსეთი საერთაშორისო აზრს, მით უფრო ღრმა ჩიხში შედის ეს ქვეყანა. საბოლოო ჯამში, მასზე დიდი ქვეყნებიც კი ასეთ ჩიხში ყოფნას ვერ უძლებნდნენ. ამის მაგალითია თუნდაც საბჭოთა კავშირი. დღეს რუსეთი საკუთარი პოზიციით ჩიხშია და ისინი ამ ჩიხიდან გამოსავალს უნდა ეძებდნენ", - დასძინა ბაქრაძემ.