"ქართული ოცნება" ხელისუფლებას კოალიციის მისამართით მორიგი პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს. როგორც მაია ფანჯიკიძემ კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბინძური პროვოკაციის დაგეგმვაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
"გუშინ, 9 საათზე, "კურიერში" გავიდა სიუჟეტი კუდის, კონტროლის პალატისა და "რუსთავი2"-ის მიერ კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციის თაობაზე. ამ პროვოკაციაში მონაწილე რამდენიმე პირი კოალიციის მიმართ მორიგი რეპრესიული ღონისძიებების საბაბის შესაქმნელად შესაშური გულმოდგინებით იმეორებდა დაზეპირებულ ფრაზებს იმის შესახებ, რომ თითქოს კოალიცია "ქართული ოცნება" მოქალაქეებს ჰპირდებოდა 1000 ლარამდე ღირებულების საოჯახო ტექნიკის შეძენას", _ განაცხადა ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, ის პირები, რომლებიც სიუჟეტში წარმოდგენილები იყვნენ "ქართული ოცნების" წევრები არ არიან.
"ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც სიუჟეტში ვნახეთ, ისინი არასოდეს ყოფილან "ქართული ოცნების" წევრები. ისინი არიან ჩვენთან ასოცირებული ახალგაზრდები, რომლებიც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის დღიდან არიან აქ აქტიურად. მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულს აჭარბებს და მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ეს ახალგაზრდები სხვადასხვა მიზნით იყვნენ აქ მოსული", _ განაცხადა ფანჯიკიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაციაა.
"ვაცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ბინძური ოპერაცია და საერთო არაფერი აქვს კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობასთან და გეგმებთან. ჩვენ მოსახლეობას მართლაც ვპირდებით ოცნების ასრულებას, მაგრამ არა არჩევნებამდე საჩუქრების დარიგების გზით, არამედ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებით, სიღარიბის დაძლევით, სოციალური პრობლემების მოგვარებით, დასაქმებით და ეკონომიკის აღმავლობით", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" ემიჯნება ყველა იმ ძალას, ვისაც ქართველი ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
"ცალსახად ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და ამახინჯებს ქართული ოცნების ასრულების ჩვენეულ კონცეფციას. ასევე, ვემიჯნებით ყველას, ვინც ცდილობს სხვა მიზნებისთვის გამოიყენოს ჩვენი მოსაწვევი ბარათები და სხვა ატრიბუტიკა",_ განაცხადა ჟურნალისტებთან ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა არ აყვნენ ხელისუფლების მიერ დაგეგმილ ჭორებს. ხელისუფლებას კი მოუწოდა თავიდან დაანებოს ბინძურ პროვოკაციებს.
"მივმართავთ მოქალაქეებს, არ აყვნენ ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ჭორებს და ედნონ მხოლოდ ჩვენ მიერ ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთანავე, ვურჩევთ ხელისუფლების და სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს, თავი დაანებონ პოლიტიკურ პროვოკაციებს, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოტყუების, გადაბირების და დაშინების გზით", _ განაცხადა ფანჯიკიძემ.