საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის განცხადებით, ევროპელ დეპუტატებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გარანტიების შექმნის მნიშვნელოვანი მცდელობა აქვთ. ამის შესახებ მან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის მომხსენებელთან ლაჩეზარ ტოშევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
თარგამაძის თქმით, შეხვედრაზე განხილული იქნა იდეები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სტაბილურობას მთელს რეგიონში. მოკლევადიან პერსპექტივაში კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების არეალის გაზრდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათი შეღწევაა მნიშვნელოვანი.
დეპუტატის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო, ხალხებს შორის ურთიერთობასა და დაახლოებასთან დაკავშირებული ინიციატივებს.
„შეხვედრაზე საერთო ეკონომიკური პროექტების განხორციელების, მცირე და საშუალო ბიზნესში ქართველი და აფხაზი, ქართველების და ოსების, აზერბაიჯანელების და სომხების ერთობლივ მონაწილეობაზეც ვისაუბრეთ. ეს, ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს. იდეები ახალგაზრდულ, სპორტულ პროექტებსაც მოიცავს. თუ ევროპელი მეგობრები აქტიურად ჩაერთვებიან, თბილისს, როგორც კავკასიის ცენტრს მნიშვნელოვანი პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია" - აღნიშნა თარგამაძემ.
დახურულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საპარლამენტო უმცირესობის წევრები პაატა დავითაია და მაგდა ანიკაშვილი.