საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში იმყოფება, სადაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში მონაწილეობს. მინისტერიალზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში განხორციელებული რეფორმები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, სომხეთი, უკრაინა) ვიცე პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
გიორგი ბარამიძემ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამხვილა ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებზე მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყებასა და საქართველოში მიმდინარე და წარმატებით განხორციელებულ რეფორმებზე. გიორგი ბარამიძემ, ასევე მიმოიხილა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობას.
მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა გიორგი ბარამიძის შეხვედრა გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისართან შტეფან ფულესთან და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჰელგა შმიდთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის 2012-2013 წლების გეგმები და ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების წარმატებულად დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველოს მიზანია მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულდეს ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და მის შემადგენელ ნაწილზე - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები. ხაზი გაესვა ასევე, ამა წლის 4 ივნისს სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე დიალოგის დაწყების მნიშვნელობას.
მინისტერიალის ფარგლებში, ასევე, უკრაინის პირველ ვიცე-პრემიერთან ვალერი ხოროშკოვსკისთან ორმხრივი შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველო-უკრაინის, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველო-უკრაინის კოორდინირებული მოქმედების, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას.