ბათუმში გამართულ აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართულ პლენარულ სხდომაზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და აღნიშნა, რომ აშშ მომხრეა კონფლიქტები მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით დარეგულირდეს, ამასთანავე სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტებში მონაწილე მხარეებს შორის ნდობის აღდგენის აუცილებლობას. "ეს სიტუაციის ტრანსფორმირებაში დაგვეხმარება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
ჰილარი კლინტონის სიტყვებს გამოეხმაურა პოლიტიკური პარტია "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა, რომელიც აცხადებს, რომ ,,საქართველოს ხელისუფლება არ უნდა შემოიფარგლოს შეერთებული შტატებისადმი, როგორც სტრატეგიული პარტნიორისადმი, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მხოლოდ მადლობის გადახდით და რეალურად უნდა განახორციელოს ის პოლიტიკა, რაც გათვლილი იქნება ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების დაცვაზე, ეს პოლიტიკა კი აუცილებლად გულისხმობს ერთიან საარსებო გარემოსა და სახელმწიფოებრივ სივრცეში ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესების დაცვასა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვას."
,,დღეს საქართველოში არსებული უამრავი პრობლემის მიუხედავად, დაწყებული სოფლის მეურნეობით და დამთავრებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხებით, ხელისუფლებას არ სცალია, რომ იმუშაოს და გადაწყვიტოს ეს პრობლემები. აფხაზეთში უკვე ის თაობა გაიზარდა რომელსაც ესმის, რომ იგი არის დამოუკიდებელი, რომ მისი ქვეყანა სცნო რამდენიმე სახელმწიფომ, და რაც მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთმა. რუსეთს კი მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა თავისი წინდაუხედავი ქმედებით ფაქტიურად მისცა საშუალება ეცნო აფხაზეთი და სამაჩაბლო.
მიუხედავად ამისა, დღეს რეალურად არსებობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გზა და საქართველოს გაერთიანების საშუალება. ჩვენ დღემდე არ ვაწერთ ხელს შეთანხმებას თავდაუსხმელობის შესახებ , რომლის გარანტორები, ჩემი აზრით, უნდა იყვნენ ევროკავშირი, აშშ და რუსეთი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ იარაღით შეძლოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება. ეს შეუძლებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლება იმავე დღეს იქნება დამხობილი, რუსეთის ტანკები თავისი არმიით შევლენ თბილისში და ყველა დაინახავს, თუ როგორ გაიქცევიან სააკაშვილის მთავრობის წევრები სხვადასხვა აეროპორტებსა და ქვეყნებში, ეს ერთხელ უკვე მოხდა, რუსეთის ასეთი შესაძლო მოქმედება, ალბათ, აწყობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ სიტუაციაში იტყვის: ,,რა გვექნა, რუსეთმა მოახდინა საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაცია და ჩვენ იძულებილი ვართ დავტოვოთ ქვეყანა და ემიგრაციაში წავიდეთ."
ჩვენ პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საქართველოს დეოკუპაციის პროცესი. რუსეთის ჯარი უნდა გავიყვანოთ საქართველოს ტერიტორიიდან, მხედველობაში მაქვს, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. როგორ შეიძლება ამის გაკეთება, რისთვის დგას ეს ჯარი იქ?, იმისთვის, რომ სანამ სააკაშვილი და მისი მომხრეები არიან ხელისუფლებაში, კიდევ ერთხელ არ მოუვიდეთ თავში ის ავადმყოფური აზრი, რომ თავს დაესხან აფხაზებსა და ოსებს. თუ აფხაზეთი ჩვენი ტერიტორიაა და ჩვენ ვთვლით მათ მეგობრებად და ძმებად, მაშინ რატომ უნდა გადავწყვიტოთ ეს საკითხები იარაღით და არა ჭკუით, ეკონომიკით, დიპლომატიით და სხვა გზებით? მე ხელს მოვაწერდი და გარანტიას ავიღებდი მსოფლიოს წინაშე, რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიწყო პროცესების მოგვარება და საქართველოს გაერთიანება. გარანტორებად ავიყვანდი საერთაშორისო ორგანიზაციებს. მსოფლიოს წინაშე გარანტიას მივცემდი აფხაზებსა და ოსებს, ასევე რუსეთს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოების შესახებ, რის შემდეგაც მოვთხოვდი მათ ჩვეულებრივ, თუ რატომ ჰყავთ განთავსებული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზე და რომ უნდა დაიწყონ ჯარების გაყვანა, ვინაიდან მთელი მსოფლიოს წინაშე გვაქვს აღებული ვალდებულება და ვიქნებით არასწორი და არამართალი. ეს პირველი ნაბიჯი. მეორე- ჩვენი ურთიერთობები აფხაზებთან და ოსებთან უნდა დავიწყოთ არა იმის ძახილით, რომ ისინი არიან ექსტრემისტები და მარიონეტები, არამედ უნდა გავხსნათ გზები და დავიწყოთ ეკონომიკური ურთიერთობები.
აფხაზების ახალი თაობა იზრდება იმ აზრით, რომ ქართველი არის მათი მოსისხლე მტერი, რომელიც ხელს უშლის ტურისტების ჩამოსვლას, რეგიონის განვითარებას, ხელს უშლის ყველაფერს. ამიტომ საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლება უფრო მეტ ზიზღს იწვევს აფხაზეთის იზოლაციით. მოდით, ჩვენ სხვაგვარად მივუდგეთ საკითხს, ვინაიდან ომით არ შეგვიძლია ეს გადავწყვიტოთ. მოდით მივუდგეთ ეკონომიკით, მივმართოთ მსოფლიოს, რომ ჩავიდნენ აფხაზეთში და ოსეთში და ჩადონ ფული ამ რეგიონებში საქართველოს გარანტიით. როდესაც უცხოელები ჩადებენ ფულს და ააშენებენ სასტუმროებს, ან განათავსებენ სტრატეგიულ ობიექტებში ან დასასვენებელ სახლებში, მათი მოგებიდან 25% იქნება ცენტრალური ბიუჯეტის და 75% დავუტოვოთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, რადგან ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ნაწილი და მოქალაქეები. ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ დევნილების დაბრუნების პროცესი აფხაზეთში. როდესაც დაიწყება მშენებლობები, მასობრივი, დიდი, როდესაც ჩაიდება ფული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების გარანტიით, დამერწმუნეთ, მათ მუშახელი არ ჰყავთ და აუცილებლად მოუნდებათ, რომ დაბრუნდნენ დევნილები. მათ ურჩევნიათ, რომ მშენებლები ჩამოვიდნენ საქართველოს სხვა კუთხეებიდან, ვიდრე უზბეკეთიდან ან ტაჯიკეთიდან. მე არაფერი საწინააღმდეგო არა მაქვს უზბეკი და ტაჯიკი ხალხისა, მაგრამ მირჩევნია, რომ ჩვენი დევნილები და საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ აფხაზეთში და მშვიდობიანად გააგრძელონ თანაცხოვრება, ეს სავსებით შესაძლებელია აფხაზებთან პატივისცემით და გულწრფელი დიალოგის გზით", - განაცხადა მინდია გულუამ.