აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ბათუმში, იუსტიციის სახლში, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აშშ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზედაც ისაუბრა.
"როდესაც წლის დასაწყისში ოვალურ დარბაზში პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ ობამას შეხვდა, ერთ-ერთი მთავარი საკითხთაგანი იყო ის, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. გასულ კვირას წამოვიწყეთ ძალიან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი. ეს ჯგუფი მოიკვლევს სხვადასხვა მექანიზმს, რათა გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. აქ შედის შესაძლებლობა, რომ იყოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება საქართველოსა და ამერიკას შორის, განახლებული ინვესტიციის შეთანხმება და სხვა ზომები, რომელიც ხელს შეუწყობენ ვაჭრობასა და ინვესტიციას. ამ ურთიერთობით ბევრი საქმე კეთდება და კეთდებოდა ბოლო 20 წლის განმავლობაში", - აღნიშნა კლინტონმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების საქართველოს იმედის თვალით უყურებენ და სურთ, რომ საქართველოს რეფორმების შესახებ მეტი შეიტყონ.
"ბატონიო პრეზიდენტო, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის მეოცე წელს ვზეიმობთ. ძალიან ბევრი ცვლილება ვნახეთ ამ დროის განმავლობაში. საქართველო გადავიდა დახურული სახელმწიფოდან, როგორც კომუნისტური წყობის ქვეშ იყო, აქტიური, ღია პარტნიორობის წევრად. ჩვენ იმ შენობაში ვხვდებით, იუსტიციის სახლში, რომელიც მეტყველებს იმაზე, თუ რა პოზიტიური ცვლილებები განიცადა საქართველომ. მთელ მსოფლიოში ვარ ნამყოფი და ვიცი: ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ახალი დემოკრატიები, საქართველოს დიდი იმედით უყურებენ. მათ უნდათ იცოდნენ, როგორ მიაღწია საქართველომ ამდენს ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში. მოუთმენლად ველოდები, რა მოხდება მომდევნო 20 წლის განმავლობაში", _ აღნიშნა კლინტონმა.