"ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის სხვა ხალხის, სხვა ერის სამხედრო წვრთნები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს არჩევნები და ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში", - ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პარალალურად რუსეთის მცდელობას სამხედრო წვრთნები ქართული არჩევნების თარიღთან ახლოს დაამთხვიოს
"არსებობს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პურინის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი ძალიან დაინტერესებულია ქართული არჩევნების შედეგით. ამ გარემოებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებობს ერთგვარი წუხილი და შიშიც გარედან ინტერვენციის შესახებ, რამდენად რეალურია ეს საფრთხე და თქვენ თვითონ როგორ უყურებთ ამ გარემოებას?" - ასეთი იყო ჟურნალისტის შეკითხვა.
"მჯერა, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული ყველაფერი. მჯერა, რომ ეს იქნება ძალიან დიდი ინდიკატორი იმ პროგრესისა, რაც საქართველომ განიცადა დემოკრატიულ გზაზე. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს გამოვხატეთ იმედი, რომ ეს იქნება სამოდელო არჩევნები, სანიმუშო არჩევნები ამ გარემოში. ჩემი აზრით, საუკეთესო რამ, რაც შეიძლება საქართველომ გააკეთოს თავისი უსაფრთხოების, დემოკრატიულობის, საერთაშორისო რეპუტაციის გაზრდისთვის, არის თავისფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რომელიც დემოკრატიულად ჩატარდება. მოვუწოდებთ მონიტორული პროცესი ჩაატაროს, საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოიყვანოს. მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ იყოს გამჭვირვალეობა და სამართლიანობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, იქნება სამხედრო ვარჯიშები, მანევრები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები შემოდგომაზე მოხდება თვითონ საქართველოში. ქართველმა ხალხმა ხმის მიცემით ძლიერი მესიჯი უნდა გაუგზავნოს ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოში. გავაგრძელებთ კონსულტაციის ჩატარებას საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით ამ დროს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის სხვა ხალხის, სხვა ერის სამხედრო ვარჯიშები. ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქართველოს არჩევნები და ეს უფრო ხმამაღლა იმეტყველებს იმაზე, თუ რა ხდება საქართველოში. თქვენი გამძლეობა, თქვენი სიძლიერე, თქვენი დემოკრატიული გზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამხედრო ვარჯიში.