ხელისუფლებას აქვს მტკიცე ნება წელს ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა დემოკრატიისადმი არის ურყევი. ეს მხარდაჭერა გამოიხატა ვარდების რევოლუციის დროს და დღესაც შეიგრძნობა.
"ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ქართველი ერის თავისუფალ ნებას წარმოაჩენს. მე მივესალმები თქვენს სწრაფ გამოხმაურებას ჩვენს მოთხოვნაზე არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლების მისიებთან დაკავშირებით, რომ მეტი დამკვირვებელი გამოიგზავნოს იმისათვის რათა ეს არჩევნები იყოს მაქსიმალურად ტრანსფარანტული და გამჭვირვალე", - აღნიშნა სააკაშილმა.