აშშ-ის პოლიტიკამ საშუალება მისცა ქართულ დემოკრატიას უდიდესი დაბრკოლებები გადაელახა და შთამბეჭდავი შედეგებისთვის მიეღწია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, ჩვენს ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთაშორისო ღირებულებებს, თავისუფლების სიყვარულსა და ინტერესებს.
"ქალბატონი კლინტონის ვიზიტი, შეხვედრები, სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და დღევანდელი მოლაპარაკებები ჩვენი თანამშრომლობის განმტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი განცხადებით, დღევანდელი მოლაპარაკებები არის გაგრძელება პრეზიდენტ ობამასთან გამართული შეხვედრისა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ამან ყველაფერმა საშუალება მოგვცა მიგვეღია პროგრესისთვის ყველა ძირითადი მიმართულებებით, რაც დაისახა იანვარში.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ უსაფრთოების სფეროში და სწორედ ამ მიმართულებით მიდის დღევანდელი ღონისძიება საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან ერთად. ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობის გაძლიერების პროცესი რეალურია, კონკრეტულია და აშშ უჭერს მხარს ამ ყველაფერს. მივესალმები ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას რათა საქართველის დემოკრატიული რეფორმების შეუქცევადობა კიდევ უფრო განმტკიცდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.