დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება ევროკავშირისა და ნატოსკენ და ეს, პირველ ყოვლისა, ქართველი ხალხის ნების, სიმამაცის დამსახურებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განცხადებით, აშშ-ის მხარდაჭერა მთელი ამ 20 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ობამას მხარდაჭერა, სახელმწიფო მდივნის, კლინტონის მხარდაჭერა ბოლო პერიოდში იყო მეტად მნიშვნელოვანი და ფუნდამეტალური ფაქტორი ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი შემდგომი წარმატებისთვის.
"მსურს ხაზი გავუსვა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობისადმი ჩვენი ლეგიტიმური საზღვრების ფარგლებში. თქვენი მუდმივი მხარდაჭერა ჩვენი ერთიანობისადმი არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განცხადებები ჩვენი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის წინააღმდეგ და ასიათასობით ქართველი იძულებით გადაადგილებული პირის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლებების მხარდაჭერის თვალსაზრისით.