პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ აშშ-ში ჩასვლის გაადვილება, სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ ყველა ადამიანის არ შეეხება. ამის შესახებ მან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონების მოსახლეობას აშშ-ში ჩასვლა გაუადვილდება.
დავითაიას განმარტებით, ჰილარი კლინტონმა ხაზი გაუსვა, რომ საუბარია სწორედ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე ნეიტრალურ პასპორტებზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ვერ მიიღებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ფაქტიურად ხდება გამიჯვნა იმ ხალხის ვინც ფიქრობს აფახაზეთის მომავალზე და იმ ხალხის, ვინც აფხაზეთში მხოლოდ პირად მომავალზე ფიქრობს რუსეთთან ერთად.
"ამ განცხადებას ორი დატვირთვა აქვს. პირველი - ეს არის ღია მესიჯი, რომ აშშ არასდროს შეეგუება ოკუპირებულ ტერიტორებს და მეორე - ეს არის საქართველოდან გზა ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის. იმიტომ, რომ ნეიტრალური პასპორტის გაცემა ხდება საქართველოს მიერ და სახელმწიფო სტრატეგიის კონტექსტში შედის. აქედან გამომდინარე, თუ ადგილობრივი მოსახლეობა მომავალზე და თავის განვითარებაზე ფიქრობს მხოლოდ ერთადერთი გზა რჩება - საქართვლოსთან ინტეგრირება და ამ გზით სწავლა-განათლების მიღება, ჯანდაცვის პრობლემების მოგვარება და სხვა", - განმარტა დავითაიამ და დასძინა, რომ ის ადამიანები, ვისაც რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ნეიტრალურ პასპორტებს ვერ მიიღებენ, რაც მათთვის ღია მესიჯია, რომ მომავალში დანაშაულზე არ წავიდნენ.