იმ ინფორმაციის სოლიდური ნაწილი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს საქართველოს შესახებ ჰქონდა, ხელისუფლებას ეკუთვნოდა. ამის შესახებ სახელმწოფო მდივანთან გამართული შეხვედრის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"სწორედ ამისთვის არის საჭირო კომუნიკაცია ოპოზიციასთან, რათა ობიექტური სურათი შეიქმნას. განსხვავებული პოლიტიკური სუბიექტებისგან მიღებული ინფორმაცია აყალიბებს იმ ობიექტურ სურათს, რამაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ", - განაცხადა თარგამაძემ.
მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი იყო ნატოს მომავლ სამიტზე, რომელიც გაფართოების სამიტი უნდა გახდეს.
"ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, რადგან თუკი დაიწყება რეალური დისკუსია გაწევრიანებაზე, როცა კარს გამოაღებენ, ვინც პირველი იდგება რიგში, მისი საკითხი უნდა განიხილონ", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ და დასძინა, - " ჩვენი უსაფრთხოების სისტემის განუყოფელ ნაწილად განვიხილავთ საარჩევნო პროცესს საქართველოში, პოლიტიკურ ტრანსფორმაციას და დემოკრატიზაციას, რადგან საქართველოში მოდერნიზაციის პროექტი დემოკრატიზაციის და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმატებულად ვერ ჩაითვლება".