პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების სრულყოფილად ჩასატარებლად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა. მანანა მანჯგალაძის თქმით, საორგანიზაციო შტაბს დიმიტრი შაშკინი უხელმძღვანელებს.
,,2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით სამინისტროში საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად მზადაა.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საგამოცდო პროცესების ორგანიზებულად წარმართვისთვის მზად არის, სრულ მზადყოფნაშია გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობა, ექსპერტები და ის ადამიანები, რომლებიც გამოცდების ჩატარებაში მონაწილეობენ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით 2012 წლის ეროვნული გამოცდების 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განაცხადა ეროვნული გამოცდებისთვის ტესტური დავალებები ინგლისში დაიბეჭდება.
,,2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებები ინგლისში დაიბეჭდება. უახლოეს მომავალში საგამოცდო დოკუმენტაცია, ტესტები მალე საქართველოში ჩამოვა და უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ საცავებში განთავსდება", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა და აღნიშნა, რომ 2012 წლის ეროვნულ გამოცდებზე ბევრი სიახლეა.
,,ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. 2012 წელს ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება. ეს ეხება მეორადი ჩარიცხვების გაუქმებას, შვიდის ნაცვლად აბიტურიენტებს თავიდანვე 20 სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ ამით კი გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს მომავალში განათლების სფეროსი რამდენიმე ინიციატივას გააჟღერებს.
,,უახლეს მომავალში პრეზიდენტი რამდენიმე ახალი ინიციატივის გააჟღერებს განათლების სფეროში რეფორმების გაგრძელებისა და დახვეწის მიმართულებით".