საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრალის" მიყიდვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია "ოფიციალური წყაროებიდან არ დასტურდება".
"ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა ეს ოფიციალური წყაროებიდან არ დასტურდება. აქედან გამომდინარე, იმედს ვიტოვებთ, რომ ხომალდის გაყიდვის გადაწყვეტილება არ მიიღება", - განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი შეფასებით, სამხედრო ხომალდის მოსკოვისთვის მიყიდვა საქართველოსთვის საფრთხის შემცველი იქნება, თუმცა "მიუხედავად ამისა, ეს ორ ქვეყანას შორის გადასაწყვეტი საკითხია და თბილისს მასში ჩარევის არც შესაძლებლობა აქვს და არც სურვილი".
შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთმა რუსეთისთვის სამხედრო ხომალდ "მისტრელის" მიყიდვა ოფიციალურად გადაწყვიტა. საინფორმაციო ვებ-გვერდ "ევრაზია ნეტის" ცნობით, მოსკოვი ხომალს მარტში იყიდის. სააგენტოს ცნობით, ხომალდის მიყიდვა მოსკოვისთვის პარიზში, რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტისას მოხდება.
როგორც ცნობილია, ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდი "მისტრალი" ამავე დროს ვერტმფრენმზიდიცაა.