პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე, საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დიალოგს ოფიციალურად გახსნას ისტორიულს უწოდებს.
,,გუშინ ბრიუსელში გაიხსნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის დიალოგი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული პროცესის დასაწყისი, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლისა და გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან მანანა მანჯგალაძემ.
მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკების პროცესში ყველა ვალდებულებას მაქსიმალურად შეასრულებს.
"ბუნებრივია, პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო და ქართული მახარე ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა ვალდებულება, რომელიც მოლაპარაკების პროცესში და შემდეგ წარმოიქმნება შესრულებული იყოს",_ განაცხადა ტრადიციულ ბრიფინგზე მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 4 ივნისს საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ ოფიცილურად გაიხსნა. სავიზო დიალოგის გახსნა ეფუძნება 2011 წლის 1 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის მარტში საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასაწყებად.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ დიალოგის გახსნისათვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა (ძალაშია 2011 წლის 1 მარტიდან) წარმატებული და ეფექტური იმპლემენტაცია. შეთანხმებათა განხორციელების პროცესი წარმატებულად შეფასდა, როგორც განვლილი ერთი წლის მანძილზე გამართული ერთობლივი კომიტეტების, ასევე „აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2011 წლის ვარშავის სამიტისა და 2011 წლის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ.
გარდა ამისა, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და ეფექტურად წარმართვას.
დადგენილი პროცედურების თანახმად, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის თაობაზე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის გადმოცემას, რაც ამაწლის შემოდგომაზე იგეგმება საშინაო საქმეების ევროკომისარის სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.