„ჰილარი კლინტონი ძალიან კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა და ზედმიწევნით კარგად იცოდა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობს", _ ეს განცხადება პარტია „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი დავით გამყრელიძემ ბათუმში აშშს-ს სახელმწიფო მდივანთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისივე თქმით, შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა, რაც, გამყრელიძის აზრით, „მეტყველებს დიდ ინტერესზე სახელმწიფო მდივნის მხრიდან თუ რა ხდება ოპოზიციაში და რამდენად არის თანაბარი პირობები არჩევნების წინ შექმნილი ქვეყანაში".
„ძირითადი საუბარი ამის გარშემო მიმდინარეობდა. ვისაუბრე იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთის მხრივ არჩევნები ჩავატაროთ სამართლიან, თავისუფალ, თანაბარ, მშვიდობიან გარემოში და მეორე ის, რომ არჩევნების შედეგად მივიღოთ მრავალპარტიული სისტემა ერთპარტიული რეჟიმის ნაცვლად და ეს ეხება თანაბრად როგორც დღევანდელ მმართველ პარტიას, ისე „ქართულ ოცნებას" რომლის ლიდერიც აცხადებს, რომ კონსტიტუციური უმრავლესობის აღება სურს და ეს არის მისი მიზანი", _ აცხადებს გამყრელიძე.
ამას გარდა, მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შორის მიმდინარე საუბარი ასევე შეეხო იმას თუ რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მედია იყოს თანაბრად მისაწვდომი ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება აღარ მოხდეს ხელისუფლების მხრიდან და რეალურად ამუშავდეს უწყებათაშორისი კომისია.
„მქონდა საუბარი ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე, დიდი მადლობა ვუთხარი ქალბატონ კლინტონს მისი მხარდაჭერისათვის, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ შემდეგ გაფართოებითი სამიტის წინ რა უნდა გააკეთოს საქართველომ - ერთ-ერთი რა თქმა უნდა არის თავისუფალი არჩევნები, მაგრამ კიდევ რა ტიპის რეფორმებია საჭირო, რომ ძალიან რეალისტური გახდეს შემდეგ სამიტზე საქართველოს გაწევრიანება, რომ ძალიან დიდი საფრთხეა რუსეთის მხრიდან, რომლისთვისაც ეს არის გარკვეული გზავნილი, რომ შემდეგ სამიტზე 2014 წელს საქართველო შეიძლება რეალურად გახდეს ნატოს წევრი და რა თქმა უნდა ველოდებით მისი მხრიდან ძალიან აგრესიულ ქმედებებს და გააქტიურებას", _ განაცხადა დავით გამყრელიძემ და ასევე აღნიშნა, რომ მან საკითხი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივასთან დაკავშირებითაც დააყენა. დაინტერესდა, რამდენად რეალურია, რა ვადა არის განსასაზღვრი ამისათვის.
„ეს იყო საუბრის თემები, ჩემმა კოლეგებმაც და მეც ვისაუბრეთ იმ პრობლემებსა და საკითხებზე რაც დაკავშირებულია საქართველოში დღეს შექმნილ სიტუაციასთან", _ აცხადებს „ახალი მემარჯვენეების" ლიდერი.
გამყრელიძე ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე გამოითქვა ასევე პრეტენზიები საარჩენო გარემოსთან დაკავშირებით.
„ჩემი და ჩემი კოლეგების მხრიდანაც პრეტენზიები იყო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ძალიან კარგად ინფორმირებული აღმოჩნდა ქალბატონი კლინტონი და მან ზედმიწევნით კარგად იცოდა პრობლემები მედიასთან დაკავშირებით, პრობლემები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, ზოგადად რაღაც შიშიც ფაქტორი, რომელიც არსებობს ქვეყანაში ეს ყველაფერი მისთვის ცნობია, თუმცა მისი მზაობა დაფიქსირდა, რომ ის და ზოგადად ამერიკის ადმინისტრაცია მზად არის კონკრეტული წინადადებებითა და რეკომენდაციებით მიმართოს საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მაგრამ ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ არჩევანი უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა -ეს არის მათი პოზიცია და ისინი ამ პოზიციიდან არ გადაუხვევენ", _ განაცხადა დავით გამყრელიძემ.