ოფიციალური თბილისისთვის ქართველ დამკვირვებლებთან დაკავშირებითYუკრაინის ცესკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება "მისაღები იქნება".
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების გაგზავნის სურვილი თავდაპირველად თავად უკრაინულმა მხარემ გამოთქვა, ჩვენ ჩვენს კეთილ ნებას თავს ვერავის მოვახვევთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც უკრაინის ცესკო გამოიტანს", - განუცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს.
ამასთან, ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ უარყოფს ქართველთა სადამკვირვებლო ჯგუფის შემადგენლობაში ძალოვანი მაღალჩინოსნების ყოფნას და ამტკიცებს, რომ დამკვირვებლებად უკრაინაში მხოლოდ პარლამენტის, თბილისის საკრებულოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაიგზავნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ცესკო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, მიანიჭოს თუ არა ქართველ დამკვირვებლებს არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლის სტატუსი.