,,ქართული დასის,, ლიდერი ჯონდი ბაღათურია, დეპუტატებს, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, მხარდჭერისკენ მოუწოდებს.
დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კვლავ დააყენა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერა თითოეული დეპუტატისთვის ბილეთია ახალ საქართველოში.
ბაღათურიამ იმპიჩმენტის საფუძვლად პრეზიდენტის კორუფციაში ჩართულობა, არადეკლარირებული შემოსავლების არსებობა, უკანონოდ მითვისებული ქონება და ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების მიერ უკანონოდ მოპოვებული ქონება დაასახელა.
„ეს არის საბრალდებო დასკვნა პრეზიდენტისთვის, დოკუმენტური მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტი კორუფციაშია ჩართული, მას აქვს ფარული, ე.წ. ლევი, არადეკლარირებული შემოსავლები და დაუსაბუთებული ქონება. პრეზიდენტის მამა, დედა, ძმები ვერ ასაბუთებენ თავისი ასტრონომიული სიმდიდრის კანონიერებასა და წარმოშობას. გახსოვთ ალბათ პრეზიდენტი რომ იტყუებოდა მამაჩემის არ არის ბალნეოლოგიური კურორტიო. საჯარო რეესტრიდან მაქვს ამონაწერი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კურორტი მამამისის საკუთრებაა. პრეზიდენტმა ახალგაზრდა თაობას განათლების სისტემა მოპარა და დედამისს, კახა ბენდუქიძესა და დიმიტრი შაშკინს გადააბარა,,- აღნიშნა ბაღათურიამ და დეპუტატებს მოუწოდა ხელი მოაწერონ იმ მიმართვას, რომელიც პრეზიენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას შეეხება. პროკურატურას კი მოუწოდა აღძრას პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.