"ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, რომელიც განსაკუთრებით სამი ნიშნით გამოირჩევა. პირველი ეს არის სიმბოლური მომენტი, ვზეიმობთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავს. მეორე- ვაშინგტონში ჩატარებული 2 წარმატებული შეხვედრის შემდეგ ქარტიის შეხვედრა პირველად იმართება საქართველოში. და მესამე - ეს არის სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი ბათუმში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართული სხდომისას, რომელსაც მასთან ერთად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰლარი კლინტონი თანათავმჯდომარეობდა.
მისი თქმით, კლინტონის ვიზიტი ხაზს უსვამს აშშ-ს მიერ საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესში განხორციელებული ისეთი მნიშვნელოვანი რეფორმების აღიარებას, როგორიცაა მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერა, ხელსაყრელი ბიზნესგარემოს შექმნა, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება და მოქალაქეებისთვის მაღალი კლასის სერვისების მიწოდება.
"აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმებული სტრატეგიული განვითარების ქარტია ძირითადი ჩარჩოა ჩვენს შორის და წარმოადგენს თანამშრომლობის პლათფორმას ჩვენი ურთიერთობის ყველა მიმართულებით", - განაცხადა გილაურმა.
გილაურმა აღნიშნა, რომ ქარტიის ფარგლებში შექმნილი პარტნიორობის კომისია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების მისწრაფებებს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
"ჩვენ უაღსესად მადლიერნი ვართ აშშ-ს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარებით. დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20 %-ი რჩება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ, გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაზოგავს ძალებს მშვიდობიანი გზით სამართლიანობის აღდგენის მხარდაჭერისათვის", - აღნიშნა პრემიერმა.
გილაურის თქმით, განსაკუთრებით დასაფასებელია ქარტიის სამუშაო ჯგუფებში მიღწეული ის პრაქტიკული შედეგები, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე.
"ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ქარტიის სამუშაო ჯგუფებში მიღწეულ იმ პრაქტიკულ შედეგებს, რომელიც ორიენტირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობაზე და აახლოებს ჩვენს ერებს. ამ მხრივ განსაკუთრებით დასაფასებელია აშშ-ს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ბევრი კატეგორიის მოქალაქეების ვიზის ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმევა უახლოეს მომავალში", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიაში ტურნეს ფარგლებში საქართველოში იმყოფება.