საქართველო მალე ნატოს წევრი პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში გამართული სხდომისაზე განაცხადა. სხდომას მასთან ერთად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თანათავმჯდომარეობდა.
"ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განვითარებაში. რაც გამოიხატება იმაში რომ ავღანეთსი ISAF-ის სამხედრო ოპერაციაში მონაწილე მეორე არა ნატოს წევრი ქვეყანა ვართ და მალე ნატოს პირველი კონტრიბუტორი ქვეყანა გავხდებით", - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ- მინისტრმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის როლზეც ისაუბრა.
"ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, აშშ-ს როლი მეტად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციისათვის. თქვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა ბევრჯერ იყო დაფიქსირებული თქვენს მიერ და ასევე აშშ-ის ხელისუფლების სხვა ოფიციალური პირების მიერ. მე მინდა ჩემი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ჩიკაგოს სამიტზე თქვენი კონსტრუქციული მხარდაჭერისთვის. როგორც ასპირანტი ქვეყანა ჩვენ გავაგრძელებთ გზას ნატოს წევრობისაკენ", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კავკასიის ტურნეს ფარგლებში საქართველოში იმყოფება.