ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვის დაუშვებლობის საკითხს დააყენებს.
"გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვან საკითხებად კვლავ რჩება უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება და დევნილთა ღირსეული და უპირობო დაბრუნება, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილების კუთხით შეზღუდვები აღარ დაუწესდეთ, რომელიც დღითიდღე მატულობს", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე.
მისივე შეფასებით, კონფლიქტურ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ვითარება ყოველდღიურად უფრო და უფრო იძაბება, რის კონტექსტშიც ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი 28 იანვარს გაიმართება.