საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქ. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 4 ივნისს შედგა გრიგოლ ვაშაძისა და საშინაო საქმეთა ევროკომისარის სესილია მალმსტრომის შეხვედრა, რომლის შედეგადაც ოფიციალურად გაიხსნა საქართველო-ევროკავშირის დიალოგი უვიზო მიმოსვლის შესახებ.
სავიზო დიალოგის გახსნა ეფუძნება 2011 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლის მარტში საქართველოში განხორციელდა ევროკავშირის ექსპერტთა მისიის ვიზიტი, რომელმაც დადებითად შეაფასა საქართველოს მზაობა, ევროკავშირთან სავიზო დიალოგის დასაწყებად.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის თვალსაზრისით.
დიალოგის გახსნისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენდა საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმებათა (ძალაშია 2011 წლის 1-ლი მარტიდან) წარმატებული და ეფექტური იმპლემენტაცია. შეთანხმებათა განხორციელების პროცესი წარმატებულად შეფასდა, როგორც განვლილი ერთი წლის განმავლობაში გამართული ერთობლივი კომიტეტების, ასევე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" 2011 წლის ვარშავის სამიტისა და 2011 წლის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მიერ.
გარდა ამისა, საქართველოს მიერ განხორციელდა მთელი რიგი ღონისძიებები და რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და ეფექტურად წარმართვას.
დადგენილი პროცედურების თანახმად, მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის თაობაზე შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავებას და საქართველოსთვის გადმოცემას, რაც ამა წლის შემოდგომაზე იგეგმება საშინაო საქმეების ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
სამოქმედო გეგმით განისაზღვრება საქართველოს მიერ განსახორციელებელი შემდგომი ღონისძიებები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით სტანდართული ოთხი ბლოკის მიხედვით (დოკუმენტების უსაფრთხოება; არალეგურალური მიგრაცია; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის უფლებები), რომლის წარმატებულად აღსრულების გზით, სამომავლოდ შესაძლებელი გახდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება.