კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, "ქომაგი 2"-ის საქმიანობა ამომრჩევლებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად.
მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, 30 მაისს აიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგი" დაარსდა. დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ "ქომაგი 2"-ის შექმნის შესახებ და მოახდინეს ასოცირება აიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ფონდი ქომაგთან", რომლიც ამავდროულად პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას.
ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და საქმიანობა მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზემოქმედებას მათი მატერიალური დაინტერესების გზით, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისიწნებული პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისთვის თავის არიდება, მათ შორის მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე.
აიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგის" ანგარიშებზე სხვადასხვა წყაროებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებულია გადარიცხვები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონის საფუძველზე ყადაღა დაადო აიპ "ქართული ფეხბურთის ქომაგის" საბანკო ანგარიშებს.