ხვალ, 5 ივნისს, კიშინიოვში დაგეგმილია "აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური მინისტერიალის პირველი სხდომა, რომელშიც ევროკავშირის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე.
საქართველოს დელეგაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე უხელმძღვანელებს.
მინისტერიალი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მასზე განხილული იქნება 2011 წლის 29-30 სექტემბერს, ვარშავის სამიტის შემდეგ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში გატარებული რეფორმები და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგზაო რუკა. მინისტერიალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 2013 წელს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტამდე განსახორციელებელი ღონისძიებების განხილვა.