7-8 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, მე-20 რაუნდი გაიმართება, ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკეთა.
ვაშაკიძის განმარტებით, საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.
"პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქართული მხარე კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების აუცილებლობას და დააყენებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობის საკითხს. მეორე სამუშაო ჯგუფი განიხილავს აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების ფუნდამენტური უფლების უზრუნველყოფისათვის აუცილებელ პირობებს. იგივე ჯგუფი იმსჯელებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ"- აცხადებს ვაშაკიძე.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს დელეგაცია თანათავმჯდომარეობის ყურადრებას გაამახვილებს უკანასკნელ პერიოდში რუსეთის მიერ განხორციელებულ პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, 4 მაისის ტერორისტული აქტის მცდელობაზე.
ჟენევის მოლაპარაკებების მე-20 რაუნდის საინფორმაციო სესიის ფარგლებში, დაგეგმილია ოკუპაციის თემის განხილვა. "საქართველოს დელეგაცია კიდევ ერთხელ გააკეთებს აქცენტს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო სამართლით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის ქმედებები წარმოადგენს ოკუპაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთზე, როგორც ოკუპანტ ძალაზე, ვრცელდება ყველა ის ვალდებულებები, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ჩვეულებითი სამართლის მიერ, ხოლო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპაციის არცნობა გავლენას არ ახდენს ვითარების საერთაშორისო სამართლებრივ კვალიფიკაციაზე", - განმარტავს ვაშაკიძე.