პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პაატა დავითაიას ინფორმაციით, სოხუმში და გულრიფშში ქართველების საფლავების მასობრივი განადგურება ხდება.
როგორც მან პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მას აქვს კონკრეტული ფოტომასალა, სადაც ქართველების საფლავების მასობრივი განადგურების ფაქტებია ასახული.
"ეს ეთნიკურ წმენდაზე უარესია. რეალურად ქართველების საფლავების ადგილზე კორპუსების მშენებლობა დაიწყო, რაც ქართული კვალის საბოლოოდ წაშლის მცდელობაა. ინფორმაცია ამის შესახებ სასწრაფოდ უნდა მიეწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას და ჟენევის ფორმატში შეხვედრებზე უნდა იქნეს განხილული", - განაცხადა დავითაიამ.
მას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გამოეხმაურა და აღნიშნულ ფაქტს ეთნიკური წმენდის გაგრძელება უწოდა.
"საკითხის განხილვა ჟენევის მოლაპარაკებებზე უნდა მოხდეს. ეს არის ქართული რელიგიური და კულტურული ძეგლების განადგურების პოლიტიკის გაგრძელება და არაპირდაპირი გზით ეთნიკური წმენდის გაგრძელება. ამ ქმედებით ქართული კვალის წაშლას იწყებენ", - აღნიშნა ბაქრაძემ და საგარეო საქმეთა კომიტეტს დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.