"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას მტკიცებით, აჭარა საერთაშორისო ტრეფიკინგის ცენტრად გადაიქცა. ამის შესახებ მან განცხადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, აჭარაში ტრეფიკინგის მიზნით 16 წლამდე გოგონები შუა აზიიდან - უზბეკეთიდან და ტაჯიკეთიდან ჩამოჰყავთ და ამის დამადასტურებლად მას ფოტოვიდეომასალა აქვს. დეპუტატის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ერთ-ერთმა მსხვერპლმა გასულ დღეებში თავი ჩამოიხრჩო.
ბაღათურია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეპირდა, რომ მის ხელთ არსებულ მასალებს პირადად გააცნობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ დაუშვას "ყველაზე ბინძური ბიზნესი" საქართველოს ტერიტორიაზე.
ბაღათურიას პარლამენტის ტავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში, საქართველო აღიარებულია, როგორც პირველი კატეგორიის ქვეყანა ტრეფიკინგთან ბრძოლაში. თუმცა, მისი თქმით, თუკი მართლაც არსებობს რაიმე მასალა, გაეცნობა მას და პირადად გადასცემს შინაგან საქმეთა სამინისტროს.