პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხების გამო იქნება.
როგორც მან პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ვიზიტის გამო, მიმდინარე კვირა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პოზიტიური იქნება.
,,ეს ვიზიტი არა მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვის, არამედ სრულიად კონკრეტული საკითხების გამო იქნება მნიშვნელოვანი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში განიხილება. ჰილარი კლინტონი საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უხელმძღვანელებს, განიხილება ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოების, ევროატლანტიკური განვითარებისთვის და ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია"-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ცალკეული ორმხრივი შეხვედრებიც გაიმართება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს კი, ხვალ დილიდან დაიწყებს. კლინტონის თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, დაახლოებით 20.00 საათის შემდეგ დაეშვება. კლინტონი 5 ივნისს, ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.