მთავრობის საპარლამენტო მდივნის გია ხუროშვილის მტკიცებით, მოსახლეობის ნებაყოფლობითი ინდივიდუალური დანაზოგების განკარგვას, მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. ამის შესახებ მან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების და „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვისას განაცხადა.~
ცვლილების თანახმად, მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან საშემოვლო გადასახადი 20-დან 18 პროცენტამდე შემცირდება, ფიზიკურ პირს საშემოსავლო გადასახადის შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული ხელფასის 2 პროცენტის ახლებურად განკარგვის საშუალება ექნება. დასაქმებულები სურვილის შემთვევაში ხელფასის 2 პროცენტის გადარიცხვას აქტივების მმართველ კომპანიაში შეძლებენ. თუ ისინი ფულის გადარიცხვაზე უარს იტყვიან, თანხა ბიუჯეტში დარჩება.
ხუროშვილის განმარტებით, ტენდერში მხოლოდ მაღალი საერთაშრისო რეპუტაციის მქონე, კომპანიები შეძლებენ მონაწილეობის მიღებას. მისი თქმით, ერთერთი პირობაა, რომ აქტივების მმართველმა კომპანიამ მაქსიმალური თანამონაწილეობა უნდა უზრუნველყოს.
„ადამიანებს მეტი გარანტია ექნებათ, რადგან მათთან პროექტში ინვესტიციას აქტივების მმართველი კომპანიაც დააბანდებს. კომპანიის შერჩევის დეტალური კრიტერიუმები, მეტი სანდოობისთვის, ჯერ კიდევ ზუსტდება,, - აღნიშნა ხუროშვილმა.
მისივე თქმით, აქტივების მმართველის კომპანია შეიძლება ოპერირებდეს საქართველოში, ან მის ფარგლებს გარეთ. სატენდერო მოთხოვნებს საქართველოს მთავრობა დაადგენს. ხუროშვილის ინფორმაციით, ახალი სისტემა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედება, რაც ტენდერით მინიმუმ 3 კომპანია შეირჩევა. მათ ეროვნული ბანკი გააკონტროლებს.
კანონპროექტის თანახმად, ფიზიკური პირები დანაზოგის მიღებას 15 წლის გასვლის შემდეგ შეძლებენ.
„საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების და „ნებაყოფლობით ინდივიდუალური დაზოგვის შესახებ" მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილეს.