სერბეთი უნდა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ისე, რომ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარი არ თქვას, მან უარი არ უნდა თქვას "თავის კოსოვოსა და მეტოხიაზე". ეს განცხადება პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა გააკეთა, რომელიც პრეზიდენტის მოვალობის შესრულებას ოფიცილურად დღეს შეუდგა.
"მინდა, რომ სერბეთი იყოს ქვეყანა, რომელიც დაცლილი იქნება შიშისგან ხვალინდელი დღის წინაშე, რომელიც იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და რომელიც არასოდეს იტყვის უარს კოსოვოსა და მეტოხიაზე", _ განაცხადა ნიკოლიჩმა.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეიძლება, რომ იყვნენ დამოუკიდებელნი, კოსოვო და მეტოხია კი არა", _ აცხადებდა რამდენიმე დღის წინ ნიკოლიჩი მოსკოვში ყოფნისას. მან ასევე გააკეთა განცხადება სერბეთის პარლამენტის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების შესახებ. ეს განცხადება მან მაშინ გააკეთა, როდესაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ თავისი პირველი ვიზიტი რუსეთში, პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე დასასწრებად განახორციელა.
ჟურნალისტის კითხვაზე - "თქვენ იცით, რომ არსებობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. თქვენ, როგორც პრეზიდენტი, რაიმე სახით აპირებთ თუ არა მათ აღიარებას და საერთოდ შეგიძლიათ ამ საკითხზე თქვენი პოზიცია ჩამოაყალიბოთ", - ტომისლავ ნიკოლიჩმა განაცხადა: "სულ სხვადასხვა სიტუაციაა და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს ასეა. ამიტომაც აქ და იქ ერთი და იმავე პრინციპების გამოყენება არ გამოდგება. ჩვენ პარლამენტში ამ საკითხს განვიხილავთ", _ განაცხადა პრეზიდენტმა და დააკონკრეტა, რომ პარლამენტში სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხის განხილვის შესაძლებლობაზე საუბრობდა.
"დიახ, თუ პარლამენტში ასეთი საკითხი დადგება ის განხილული იქნება კიდეც. ამით ჩვენ კოსოვოში ჩვენს ინტერესებს არ ვემუქრებით. აქ პრინციპულად ძალიან დიდი სტატუსობრივი განსხვავებები არსებობს", _ განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.