რუსეთის პოზიცია სირიასთან მიმართებაში "ემოციისაგან თავისუფალია" და იგი არავისი ზეწოლის ქვეშ არ შეიცვლება. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"რუსეთის პოზიცია კარგადაა ცნობილი - ის დაბალანსებულია, თანამიმდევრულია და აბსოლუტურად ლოგიკურია", _ აცხადებს პესკოვი რუსულ მედიასთან საუბარში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ფედერაციას რიგი დასავლური ქვეყანა სირიის მიმართ ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.
მისივე თქმით, "რუსეთის პოზიცია სირიის მიმართ, აბსოლუტურად თავისფალია ემოციისაგან, რომელიც ახლა, ამ რთულ სიტუაციაში აბსოლუტურად უადგილოა, ამიტომაც საუბარი იმაზე, რომ ეს პოზიცია, ვინმეს ზეწოლის გამო შეიცვლება უბრალოდ არაკორეატულია", _ აცხადებს პესკოვი.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, 1 ივნისს ვლადიმერ პუტინი ბერლინს ეწვევა. ამ ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეეცდება დაარწმუნოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გააძლიეროს ზეწოლა სირიის ხელისუფლებაზე. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.
"რაც შეეხება სირიის კონფლიქტს, ანგელა მერკელი დაბეჯითებით მოითხოვს მის პოლიტკურ გადაწყვეტას. იგი შეეცდება გამოიყენოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ბერლინში, რათა მკაფიოდ განაცხადოს სირიაზე საერთაშორისო ზეწოლის შესახებ", - განაცხადა ზაიბერტმა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ამ განცხადებით მერკელმა დისტანცირება მოახდინა საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პოზიციისგან, რომელმაც სირიის საკითხის შეიარაღებული გზით გადაწყვეტა არ გამორიცხა.
მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მერკელი შეეცდება რუსეთი დაარწმუნოს ფსონის პოლიტიკურ პროცესზე დადებაზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ჩინეთმა უკვეე ორჯერ დაადეს ვეტო გაეროს უშიშროების საჭოს მიერ სირიის საკითხზე რეზოლუციის მიღებას.
გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე დაპირისპირებას ათი ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.